საქართველოს სტენდზე გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის, კანის, ვენეციის, ლოკარნოს, კარლოვი ვარის, სან სებასტიანის, ანსის, კოტბუსის, თესალონიკის, ტრიესტეს, მონპელიეს, დოკლისბოასა და იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ვენეციის, ლოკარნოსა და სან სებასტიანის კინოფესტივალების პროგრამერები საქართველოს, ქართული ფილმების შერჩევის მიზნით, 2023 წლის აპრილში ეწვევიან.
შედგა შეხვედრები „ეროპული კინოს პოპულარიზაციის“ და ევროსაბჭოს კინოფონდ „ევრიმაჟის“ წარმომადგენლებთან. გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება ონლაინპორტალებთან Cineuropa და Festival Scope.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ისტორია-კინო-ისტორია“ ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გადაწყდა, რომ პროექტის პარტნიორ ქვეყნებს შეუერთდება ესტონეთი (ესტონეთის კინოინსტიტუტი), უკრაინა („არტ-ჰაუს სინემა“) და ესპანეთი („პლატინო ედუკა“). ახალი პარტნიორები მარტის თვეში აქტიურად ჩაერთვებიან ახალი პროექტის საგრანტო განაცხადის შექმნის პროცესში.
ევროპულ კინობაზრობაზე სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანია გაეცნო საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველ ქვეყანას. გაიმართა პოპულარიზაციის აქტივობები ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
ისრაელის კინოფონდის წარმომადგენლებთან შედგა საუბარი ისრაელსა და საქართველოს შორის კოპროდუქციის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ასევე, გაიმართა შეხვედრები დოკუმენტური კინობაზრობის - Sunny Side of the Doc, კანის კინოფესტივალის პროგრამის - Producers Network, მონაცემთა ბაზის შემქმნელი კომპანიების - Moonday და Usheru, კინოთეატრის - Filmpodium და ონლაინპორტალის -
Klassiki წარმომადგენლებთან, პროდიუსერებთან, დისტრიბუტორებთან და გაყიდვების აგენტებთან.
21 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გამართა ქართული წვეულება, რომელსაც ესწრებოდნენ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრები.