|
სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებისა და საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება“ (დანართი №1); ბ) „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულება“ (დანართი №2). |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/257 ბრძანება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/255 ბრძანება. |
მუხლი 3 |
1. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, მათ შორის, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ამ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მართვა ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების“ (გარდა მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა) და „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ შესაბამისად. |
მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება (შემდგომ – საკონკურსო დებულება) განსაზღვრავს ეროვნული ფილმის წარმოებისა და გაქირავების სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესსა და პირობებს. მუხლი 2. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსი 1. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომ –ეროვნული კინოცენტრი) მიერ ცხადდება შემდეგი კონკურსები: ა) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი; ბ) პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი; გ) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი; დ) ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსი; ე) მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსი; ვ) დოკუმენტური ფილმების კონკურსი; ზ) ანიმაციური ფილმების კონკურსი; თ) ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსი; ი) ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსების ფარგლებში ფინანსდება ეროვნული ფილმის წარმოების ხარჯები. 3. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის გამოცხადებისას, განსაზღვროს კონკურსის ზოგადი თემატიკა ან მიზნობრივი ჯგუფი (ისტორიული, საბავშვო ან სხვ.). 4. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 125 000 ლარი. 5. პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მიიღება მხოლოდ რეჟისორის პირველი (სადებიუტო) სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 52 წუთს. 6. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში არ მიიღება რეჟისორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სადებიუტო პროექტი. 7. ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ეროვნული კინოცენტრის მიერ ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (სადებიუტო) კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსში მიიღება მხოლოდ ქალი რეჟისორის სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პირველი (სადებიუტო) პროექტები, რომლის ქრონომეტრაჟი აღემატება 52 წუთს. 8. მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. მრავალსერიიანი მხატვრული ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 1 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში მრავალსერიიანი ფილმი უნდა მოიცავდეს სულ მცირე ოთხ სერიას და თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 42 წუთს. 9. დოკუმენტური ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 125 000 ლარი – მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარი – სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში. დოკუმენტური ფილმების კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტები. კონკურსის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 24 წუთს და უნდა იყოს 52 წუთზე ნაკლები, ხოლო სრულმეტრაჟიანი ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს. 10. ანიმაციური ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ანიმაციური ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 200 000 ლარი – მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში, ხოლო 1 000 000 ლარი – სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის შემთხვევაში. ანიმაციური ფილმების კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტები. კონკურსის ფარგლებში წარდგენილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა იყოს 52 წუთზე ნაკლები, ხოლო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს. 11. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ერთხელ. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 2 000 000 ლარი. კონკურსის ფარგლებში გაცემული თანხა შესაძლებელია დაიხარჯოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში. ფილმის პროექტის დელეგატმა პროდიუსერმა უნდა დახარჯოს პროდიუსერის მიერ ეროვნული კინოცენტრიდან მიღებულ დაფინანსებაზე არანაკლებ 20%-ით მეტი თანხა საქართველოს ტერიტორიაზე, ან საქართველოს იმ მოქალაქეების ჰონორარებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფილმის შექმნის პროცესში. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსში მიიღება მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი, რომლის ქრონომეტრაჟი უნდა აღემატებოდეს 52 წუთს. 12. პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. კონკურსის ფარგლებში შეიძლება წარდგენილი იქნეს ფილმის პროექტი, რომელიც მიეკუთვნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკონკურსო კატეგორიას. პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 300 000 ლარი. ამ კონკურსის ფარგლებში ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმის პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში, ქართველი პროდიუსერის ფინანსური წილი უნდა აღემატებოდეს 50%-ს. კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები იმ ფილმის წარმოების დასრულების დაფინანსების მიზნით, რომლის უმეტესი ნაწილიც გადაღებულია, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა მოცემული პროექტი წარსულში ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული. 13. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ან ქალი რეჟისორების ხელშეწყობის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) კონკურსის შემთხვევაში საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის) უფლება აქვს, შეადგინოს დასაბუთებული დასკვნა და, გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების გარდა, გასცეს რეკომენდაცია დაფინანსების შესახებ სცენარის დახვეწის მიზნით ერთი კონკურსის ფარგლებში არაუმეტეს ორ საუკეთესო პროექტზე. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა რეკომენდაციის გაწევის თაობაზე წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს, რომელიც, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ –სამინისტრო) თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ და ამ მიზნით დამატებითი თანხის გამოყოფის თაობაზე. ერთი პროექტის ფარგლებში სცენარის დახვეწის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი. თუ ამ პუნქტის შესაბამისად დაფინანსებული სცენარის დახვეწის პროექტის შესახებ ეროვნული კინოცენტრის მიერ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, კონკურსის მონაწილე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს იმავე სახის (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ) კონკურსში. ასეთ შემთხვევაში კონკურსის მონაწილე განაცხადის წარდგენისთანავე ჩაითვლება კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულად. კონკურსის მონაწილე ამ უფლებას კარგავს, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მონაწილეობას არ მიიღებს შესაბამის კონკურსში მომდევნო ორი გამოცხადებისას. 14. პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული კინოცენტრი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსებისას არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75%-ს. მუხლი 3. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსი 1. ეროვნული ფილმის გაქირავების სახელმწიფო დაფინანსების მიზნით კონკურსი ცხადდება ეროვნული კინოცენტრის მიერ. 2. ეროვნული ფილმის გაქირავების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ საკონკურსო განაცხადებს იხილავს „სსიპ –საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საექსპერტო კომისია. 3. ეროვნული კინოცენტრის მიერ ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსება არ შეიძლება აღემატებოდეს გაქირავების საერთო ხარჯების 50%-ს. 4. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსზე არ ვრცელდება საკონკურსო დებულების ის ნორმები, რომელიც განსაზღვრავს საკონკურსო პირობებს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფილმის წარმოების კონკურსებისათვის. 5. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით კონკურსი შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. ეროვნული კინოცენტრის მიერ ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 100 000 ლარი. 6. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს დისტრიბუტორს/პროდიუსერს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი. 7. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში შეიძლება წარდგენილ იქნეს ის ეროვნული ფილმი, რომლის წარმოება დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ, ასევე ფილმი, რომლის წარმოება ეროვნული კინოცენტრის მიერ არ დაფინანსებულა. ერთი კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე პროექტი. 8. ეროვნული ფილმის გაქირავების დაფინანსების შესახებ მხარეებს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსების გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კინოცენტრი და განსაზღვრავს გამოსაცხადებელ კონკურსებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსი ცხადდება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია საკონკურსო პირობები და პროექტის წარდგენის ვადები. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითება კონკურსის ჯამური ბიუჯეტი და დასაფინანსებელი პროექტების მაქსიმალური ოდენობა. 3. კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსის მონაწილეებისათვის, ასევე განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების დამატებითი ნუსხა. 4. მომდევნო წლის კონკურსების ნუსხა და ინფორმაცია მათი გამოცხადების პერიოდის შესახებ ეროვნული კინოცენტრის მიერ ქვეყნდება ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. 5. კონკურსების გამოცხადების პერიოდებია ყოველი წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით და სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლით. 6. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროდიუსერს. საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული კონკურსების მიზნებისათვის პროდიუსერი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ფილმის წარმოების ან აუდიოვიზუალურ დარგში გამოცდილება ან/და მენეჯმენტის დარგში მნიშვნელოვანი გამოცდილება. 7. კონკურსში პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობა ეკრძალებათ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებსა და შესაბამისი კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრებს. 8. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში განსახილველად არ მიიღება: ა) პროექტი, თუკი იგი უკვე წარდგენილია/წარდგენილი იყო იმავე წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსზე და თუ მის შესახებ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება დაფინანსებაზე უარის შესახებ; ბ) პროექტი, რომლის შესახებ საკონკურსო დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სცენარის დახვეწის მიზნით დაფინანსების შესახებ და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის; გ) პროექტები, რომელთა პროდიუსერი ან რეჟისორი „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით, მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირია. მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის წარდგენის წესი 1. საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 2. საკონკურსო განაცხადი ეროვნულ კინოცენტრს წარედგინება ელექტრონულად, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ვებპლატფორმის საშუალებით. 3. საკონკურსო განაცხადის წარსადგენად პროდიუსერს/დისტრიბუტორს ვებპლატფორმაზე უნდა გააჩნდეს ვერიფიცირებული მომხმარებელი. განმცხადებლის ვერიფიკაცია ხდება ეროვნული კინოცენტრის მიერ, ვებპლატფორმაზე განმცხადებლის მიერ მითითებული მომხმარებლის მონაცემების გადამოწმების შედეგად. 4. რეგისტრაციისას ყოველ საპროექტო განაცხადს ენიჭება უნიკალური ნომერი. 5. ეროვნული კინოცენტრი ამოწმებს საკონკურსო განაცხადის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის ან საკონკურსო დებულებითა და კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, საკონკურსო განაცხადი არ განიხილება. მუხლი 6. საკონკურსო განაცხადი 1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას: ა) ფილმის სინოფსისი; ბ) ფილმის სცენარი; გ) პროდიუსერის ხედვა, მათ შორის, ფილმის პროექტის დაფინანსების შესახებ; დ) რეჟისორის ხედვა; ე) რეჟისორის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები; ვ) პროდიუსერის უკვე დასრულებული ნამუშევარი/ნამუშევრები; ზ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა; თ) შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობა და მათთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები, მათ შორის, ფილმის პროექტის ავტორებთან გაფორმებული შეთანხმების/ხელშეკრულების ასლები პროდიუსერის მიერ ფილმთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონიერი ფლობის დადასტურების შესახებ; ი) სადისტრიბუციო სტრატეგია. 2. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ფილმის ჩაბარების კონკრეტული ვადის თაობაზე. 3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარსადგენ საკონკურსო განაცხადს სასურველია თან ახლდეს თიზერი ან მცირე სცენა. 4. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას: ა) დისტრიბუციის გეგმა/ხედვა; ბ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა; გ) უცხოელ პარტნიორთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, რომელიც უნდა დასტურდებოდეს წერილობითი დოკუმენტით; დ) ინფორმაცია უცხოელი პარტნიორის სამუშაო პროფილის და მისი გამოცდილების შესახებ. 5. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარსადგენი საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროექტის განხორციელების ვადის თაობაზე. მუხლი 7. პროექტის დაფინანსების საფუძვლები 1. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დაცვით მიღებული საკონკურსო განაცხადები, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად არ ეთქვა უარი მიღებაზე, ეგზავნება საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის). 2. ეროვნული კინოცენტრის კონკურსში წარდგენილი პროექტების შეფასება, გარდა ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსისა და საკონკურსო დებულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ორ ეტაპად, ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის პირველი და მეორე შემადგენლობების მიერ, ხოლო ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსში წარდგენილი განაცხადების განხილვა ხორციელდება ერთ ეტაპად, ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის მიერ, „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების“ შესაბამისად. 3. ეროვნული კინოცენტრი პროექტის დაფინანსებისა და თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე გამოცემული, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 8. სახელშეკრულებო ურთიერთობები 1. პროექტის დაფინანსების თაობაზე ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნულ კინოცენტრსა და ეროვნული ფილმის პროდიუსერს/დისტრიბუტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება დაფინანსების თაობაზე. ამ პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულება დადგენილი წესით ინახება ეროვნულ კინოცენტრში და საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს საიდუმლო ინფორმაციას. 2. ეროვნულ კინოცენტრთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ფილმის პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია, წარადგინოს ფილმის პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის განსაზღვრული წესით და ეროვნული კინოცენტრის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაფინანსების თაობაზე ძალას კარგავს. 3. ფილმის პროექტის (გარდა ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების წარმოების კონკურსში წარდგენილი ფილმის პროექტისა) ალტერნატიული დაფინანსების წყაროებია: ა) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის შენატანი; ბ) ფილმის პროდიუსერის/დისტრიბუტორის ტექნიკური შენატანი; გ) ეროვნული, რეგიონული ან საერთაშორისო სახელმწიფო ფონდების გრანტები ან სუბსიდიები; დ) სატელევიზიო ან ინტერნეტპლატფორმების ინვესტიცია; ე) ფიზიკური ან იურიდიული პირების ინვესტიცია; ვ) დისტრიბუციის მინიმალური გარანტიები (MG); ზ) ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი), თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს; თ) დაფინანსების სხვა წყაროები. 4. ეროვნული კინოცენტრის მიერ არ ფინანსდება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ძირითადი საშუალებების შეძენა. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ძირითად საშუალებად არ ითვლება ისეთი მატერიალური აქტივი (მყარი დისკი, ფილმის რეკვიზიტი ან სხვა), რომლის ერთეულის ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია და რომლის ხარჯი გათვალისწინებულია თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის წესი განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსება პროდიუსერს/დისტრიბუტორს ერიცხება სრულად ან ეტაპობრივად, ტრანშის სახით. 7. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. მონიტორინგს ეროვნული კინოცენტრი ახორციელებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 8. თუ ეროვნული კინოცენტრის მიერ პროექტისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა არ აღემატება 500 000 ლარს, დაფინანსება შესაძლებელია, გაიცეს არანაკლებ ორ გადარიცხვად. 500 000 ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსება ხორციელდება არანაკლებ სამ გადარიცხვად და პირველი ტრანშის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამური დაფინანსების 40%-ს. 9. ფილმის პროექტის ხარჯთაღრიცხვის პოზიციებს შორის თანხის ცვლილება, ფინანსური რესურსის სხვა ხარჯში გადატანა, ახალი პოზიციის დამატება ან ძველი პოზიციის გაუქმება დასაშვებია, თუ პროდიუსერი ცვლილების განხორციელების შესახებ ეროვნულ კინოცენტრს აცნობებს შესაბამისი თანხის ჩარიცხვამდე. მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიწვევს მხარისათვის ფინანსური სანქციის დაკისრებას, რომლის ოდენობა შეადგენს იმ ტრანშის 5%-ს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, თუ ტრანშის ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანშის ოდენობა 100 000 ლარზე მეტია, ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის ოდენობა გამოითვლება ყოველ 100 000 ლარზე 7%-ის ოდენობით. 10. მომდევნო ეტაპის გადარიცხვა დასაშვებია, თუ გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი წინა ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ და თუ არ არის ცნობილი მხარის მიერ ნაკისრი რომელიმე სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის თაობაზე. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, შესაძლებლობის შემთხვევაში, მხარისათვის მანამდე დაკისრებული ნებისმიერი ფინანსური სანქცია გამოქვითოს შემდეგ ეტაპზე გადასარიცხი ტრანშ(ებ)იდან. 11. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოიყენება ფინანსური სანქცია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ის ოდენობით შემდეგ შემთხვევებში: ა) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის სათაურის ცვლილების შემთხვევაში; ბ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის სცენარის ცვლილების შემთხვევაში; გ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ფილმის საჯარო ჩვენების შემთხვევაში; დ) ეროვნული კინოცენტრის წინასწარი თანხმობის გარეშე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ფილმის პირველი საჯარო ჩვენების შემთხვევაში. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით სათაურის ან/და სცენარის ცვლილების გამო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სანქცია მხარეს დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუკი ამ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სათაურის ან/და სცენარის ცვლილება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარის საფუძველია. 13. პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია ეროვნულ კინოცენტრს წარუდგინოს ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა როგორც ეროვნული კინოცენტრისგან (ეტაპების მიხედვით), ისე სხვა წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე. 14. მხარეთა შორის საკონკურსო დებულების შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის (ვალდებულების დაგვიანებით ან არაჯეროვნად შესრულება, ვალდებულების შეუსრულებლობა ან სხვა) შემთხვევაში, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, გამოიყენოს ფინანსური სანქციები. კერძოდ, ეროვნული კინოცენტრი მხარეს დააკისრებს პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.05%-ის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-ისა, ხოლო სხვა, დამატებითი პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 15. ფინანსური სანქცია ან მეორე მხარის წინააღმდეგ მისაღები სხვა ზომა ეროვნული კინოცენტრის მიერ არ გამოიყენება, თუ: ა) მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა განპირობებულია ეროვნული კინოცენტრის ბრალეულობით; ან ბ) ეროვნული კინოცენტრის მიერ მხარისათვის შექმნილი იქნა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მასთან მიმართებით დაშვებული იქნებოდა ისეთი შეღავათი, რომელიც პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ამ დებულებასა და „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებას“. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილებას ფინანსური სანქციის ან მეორე მხარის წინააღმდეგ მისაღები სხვა ზომის გამოუყენებლობის შესახებ იღებს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი სამინისტროს ან ეროვნული კინოცენტრის შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე. 17. ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა ეროვნული კინოცენტრის შესაბამის თანამშრომელთან მიმართებით შესაბამის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია. მუხლი 9. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების (კოპროდუქცია) ფილმების კონკურსის დამატებითი პირობები 1. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში პროდიუსერი ვალდებულია, წარმოადგინოს ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაფინანსების წყაროს მიხედვით, შემდეგი სახით: ა) სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდებთან (ორგანიზაციებთან) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან სახელმწიფო ან საერთაშორისო ფონდის (ორგანიზაციის) წერილი, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა; ბ) ტელევიზიიდან მიღებულ ინვესტიციასთან (როგორც წინასწარი გაყიდვა, ასევე ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილეობა) მიმართებით – მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ან წერილი ტელევიზიიდან, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა; გ) დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული ფილმის წინასწარი შესყიდვა (MG – მინიმალური გარანტია) როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო გაყიდვებისთვის – შეთანხმება ან მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იქნება მოპოვებული თანხის ოდენობა და მისი გაცემის ვადა; დ) პროდიუსერის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა; ე) საპროდიუსერო კომპანიის შენატანთან მიმართებით – საბანკო ამონაწერი ან წერილობითი დოკუმენტი ბანკიდან, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და თანხის განაღდების შესაძლებლობა; ვ) არაფულად ინვესტიციასთან მიმართებით – იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც განხორციელდება არაფულადი ინვესტიციის სახით; განფასების ჩამონათვალი (ე.წ. price list); ზ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ინვესტიციასთან მიმართებით – ხელშეკრულება და საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება თანხის არსებობა და განაღდების შესაძლებლობა. 2. ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების ფილმების კონკურსის ფარგლებში უცხოელი კოპროდიუსერის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სახელმწიფო, საერთაშორისო ფონდი (ორგანიზაცია), ტელევიზია, დისტრიბუტორი ან სხვა იურიდიული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ვერ მიიღებს ეროვნული კინოცენტრისაგან დაფინანსებას. 3. იმ შემთხვევაში, თუ ფილმის წარმოებაში მონაწილე მხარე ასევე წარმოადგენს დისტრიბუტორს ან გაყიდვების აგენტს, ან იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორის ან გაყიდვების აგენტის ფუნქციას ახორციელებს ის კომპანია, რომელიც ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე კომპანიის შვილობილი კომპანიაა, დისტრიბუტორის მიერ განხორციელებული წინასწარი შესყიდვა (მინიმალური გარანტია – MG) დადასტურებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საბანკო გარანტიის სახით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ალტერნატიული დაფინანსების თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი წესით გაფორმებული უნდა იყოს ეროვნულ კინოცენტრში პროექტის წარდგენამდე 6 თვის განმავლობაში. 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროექტს, რომლის თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს უკვე მოპოვებული აქვს დაფინანსება ფილმის საერთო ბიუჯეტში საკუთარი შენატანის 50%-ის ოდენობით, რაც დასტურდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციით. 6. ფილმის დასრულების შემდეგ, ქართულ-უცხოურ ერთობლივ წარმოებაში მონაწილე თითოეულ უცხოელ კოპროდიუსერს ეკისრება ვალდებულება, ქართველ პროდიუსერს წარუდგინოს ფილმის ბიუჯეტში საკუთარ შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა, რომელიც ქართველმა პროდიუსერმა უნდა წარადგინოს ეროვნულ კინოცენტრში, საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილ ლიცენზირებული აუდიტის დასკვნასთან ერთად. ფილმის ბიუჯეტში უცხოელი კოპროდიუსერის შენატანთან დაკავშირებით ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზე ეროვნული კინოცენტრის წინაშე ქართველი პროდიუსერი პასუხისმგებელია იმავე ხარისხით, როგორც საკუთარ შენატანთან დაკავშირებით შედგენილი ლიცენზირებული აუდიტის დასკვნის წარდგენაზე. მუხლი 10. ეროვნული ფილმის პირობები 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ფილმისათვის დადგენილ მოთხოვნებთან ფილმის პროექტის შესაბამისობის საკითხის განხილვა ხორციელდება „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ეროვნული ფილმის დებულების“ შესაბამისად, რომელიც დამატებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს, მათ შორის, პროდიუსერის/დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებასა და პირობებს ხელშეკრულების გაფორმების, მისი შესრულების მონიტორინგის, ანგარიშგების ან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნებისათვის. 2. პროდიუსერი/დისტრიბუტორი ვალდებულია, ეროვნულ კინოცენტრს წინასწარ, ასეთი გარემოების წარმოშობისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნული ფილმის სტატუსის დაკარგვის საფრთხის არსებობის შესახებ. 3. თუ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოვლინდა, რომ ფილმი აღარ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ეროვნული ფილმისათვის დადგენილ პირობებს და ამის შესახებ პროდიუსერს ამ მუხლის შესაბამისად წინასწარ არ უცნობებია ეროვნული კინოცენტრისათვის, მის მიმართ გამოიყენება ფინანსური სანქცია ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 20%-ის ოდენობით. მუხლი 11. პროექტის განხორციელების დაწყება და ვადები 1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის წარმოება უნდა დაიწყოს (ხოლო ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის შემთხვევაში – ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების ფარგლებში გაგრძელდეს) პროექტის დაფინანსების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში. 2. წლიური საბიუჯეტო აუცილებლობის გათვალისწინებით, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის გამოცხადებისას, მიუთითოს კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაში დასრულებულ ფილმებთან დაკავშირებულ პროექტებსაც საკონკურსო პროცედურების განმავლობაში მიენიჭება უპირატესობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა და ფილმის ჩაბარების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ერთჯერადად, თითოეული არაუმეტეს 4 თვის ვადით, ფილმის პროდიუსერის დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ფილმის წარმოების დაწყების ან სხვა, წინასწარ განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია, თუ პროდიუსერმა ვადის გახანგრძლივების თაობაზე ეროვნულ კინოცენტრს არ მიმართა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ფილმის წარმოების ვადის გახანგრძლივება ასევე დაუშვებელია, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 5. ამ მუხლის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი გარემოება, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დასაბუთება და დასაბუთების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ა) პროდიუსერის, რეჟისორის, მთავარი როლის შემსრულებლის ან შემოქმედებითი ჯგუფის რომელიმე წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობა ან გარდაცვალება; ბ) ობიექტური გარემოება, რომლის გამოც ეროვნულ კინოცენტრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარედგინა ალტერნატიული დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ან გ) ფორსმაჟორული გარემოება, რომელიც წარმოიშვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, რომელიც სცილდება მხარეთა კონტროლს, რომლის მოქმედებაც არ არის დამოკიდებული ერთ-ერთი მხარის ნებაზე და რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, როგორიცაა სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვა და სხვ. 6. ამ მუხლით დადგენილი წესი და ვადები შესაბამისად გამოიყენება საკონკურსო დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კონკურსთან მიმართებით. მუხლი 12. ვადების დარღვევის შედეგები 1. ეროვნული კინოცენტრი პროდიუსერთან/დისტრიბუტორთან ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად იმ შემთხვევაში, თუ პროდიუსერის/დისტრიბუტორის მიერ დაირღვა საკონკურსო დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვადები და თუ იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ყოფილა ეროვნული კინოცენტრის მიერ გაგრძელებული იმავე მუხლის შესაბამისად. 2. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქცირების მექანიზმები (მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის შესახებ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში), თუ პროდიუსერი/დისტრიბუტორი დაარღვევს: ა) მის მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ფილმის/სცენარის ჩაბარების ან პროექტის დასრულების ვადას და თუ ეს ვადა ეროვნული კინოცენტრის მიერ არ ყოფილა გაგრძელებული საკონკურსო დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ბ) ეროვნული კინოცენტრის მიერ მისთვის საკონკურსო დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გაგრძელებულ ვადას. მუხლი 13. ეროვნული ფილმის წარმოების დამატებითი დაფინანსება 1. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პროექტის დაფინანსების მოცულობის გაზრდა (დამატებითი დაფინანსება), გარდა საკონკურსო დებულებით გათვალისწინებული ფილმის პროექტის დასრულების ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში დაფინანსებისა, შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ფილმის სტატუსის დაკარგვის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ დაფინანსებული ფილმის პროექტის მიერ ეროვნული ფილმისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პირობების დაკმაყოფილებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება თანხის დამატების თაობაზე მიიღება ეროვნული კინოცენტრის მიერ, შესაბამისი კონკურსის ბოლო მოქმედი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე, გარდა საკონკურსო დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მუხლი 14. ვალდებულებათა შესრულების დადასტურება 1. ამ დებულების შესაბამისად პროექტის დაფინანსების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური და შინაარსობრივი ხასიათის ვალდებულებების შესრულების შესახებ ფორმდება ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტი. 2. მიღება-ჩაბარების დამატებითი პირობები, რომელიც არ არის გათვალისწინებული საკონკურსო დებულებით, განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის შინაარსობრივ შესაბამისობას თავდაპირველ სცენარს, საკონკურსო პირობებსა და სახელშეკრულებო პირობებთან ადგენს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა, რომელმაც თავისი დასკვნით მიიღო გადაწყვეტილება ფილმის პროექტის დაფინანსების თაობაზე. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის, შეუძლებელია სრულად ან ნაწილობრივ საექსპერტო კომისიის შესაბამისი შემადგენლობის მოწვევა და ეს გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გაფორმდება შექმნილი ვითარების შესახებ შესაბამისი აქტი და მოწვეული იქნება განახლებული შემადგენლობა. საექსპერტო კომისიის განახლებული შემადგენლობა იქმნება „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებით“ საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის შექმნისათვის დადგენილი წესით. 5. დაუშვებელია ეროვნული კინოცენტრის მიერ ისეთი ფილმის ჩაბარება, რომელიც საჩვენებლად/დისტრიბუციისთვის ვარგისი არ არის ან/და არ განხორციელებულა მისი დახურული ჩვენება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების ერთიანი აქტის გაფორმებამდე სავალდებულო წესით ეწყობა ფილმის დახურული ჩვენება ეროვნული კინოცენტრის მიერ მოწვეული კინომცოდნეებისა და დარგის სხვა სპეციალისტებისთვის. ეროვნული კინოცენტრი ვალდებულია, ამ პუნქტით გათვალისწინებული დახურული ჩვენება თავისივე ხარჯით მოაწყოს პროდიუსერის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 7. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პროექტის მიღება-ჩაბარების ერთიანი აქტის შინაარსობრივ ნაწილს ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი/თანამშრომლები ამ მუხლით გათვალისწინებული საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტის ფინანსურ ნაწილს ხელს აწერს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი. 8. ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ფილმის პირველი ჩვენებიდან (პრემიერიდან) 3 თვის გასვლის შემდეგ ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ განახორციელოს ფილმის არაკომერციული ჩვენება. ამ პუნქტით განსაზღვრული ეროვნული კინოცენტრის უფლება არ არის ვადით შეზღუდული. მუხლი 15. ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ამ დებულებით გათვალისწინებული კონკურსების ფარგლებში პროექტების განხილვის, დაფინანსების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შესრულებულ ვალდებულებათა ჩაბარების დამატებით პირობებსა და ამ დებულებიდან და „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებიდან“ გამომდინარე სხვა ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. მუხლი 16. გარდამავალი დებულებები 1. 2024 წელს გამოსაცხადებელი კონკურსების ნუსხა და ინფორმაცია მათი გამოცხადების პერიოდის შესახებ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოქვეყნდეს 2024 წლის 10 აპრილამდე. 2. 2025 წლის 1 იანვრამდე საკონკურსო განაცხადები მიიღება ეროვნული კინოცენტრის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მუხლი 17. დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან. 2. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
დანართი №2
სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულება
|
მუხლი 1. საექსპერტო კომისია
1. სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია (შემდგომ – საექსპერტო კომისია) არის სსიპ –საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომ – ეროვნული კინოცენტრი) არსებული სათათბირო ორგანო. 2. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველ საექსპერტო კომისიაში ერთიანდება ორი დამოუკიდებელი შემადგენლობა. 4. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველი კომისია შედგება ერთი შემადგენლობისაგან, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით ეროვნული ფილმის წარმოების კონკურსის ფარგლებში წარდგენილი განაცხადების განმხილველი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის საქმიანობისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ამ დებულებით განსაზღვრული არ არის მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური ნორმები. 5. ეროვნული ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი ფილმის პროექტების განხილვისას საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) გადაწყვეტილებას იღებს ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულების შეფასების საფუძველზე, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო მეორე შემადგენლობა გადაწყვეტილებას იღებს ფილმის პროექტის ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ფილმის გაქირავების დაფინანსების მიზნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი საკონკურსო განაცხადების განხილვისას, საექსპერტო კომისია ხელმძღვანელობს ეროვნული კინოცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით. 6. საექსპერტო კომისიის წევრის საქმიანობა (გარდა ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებისა) ანაზღაურებადია და საექსპერტო კომისიის ამ წევრებისა და ეროვნული კინოცენტრის ურთიერთობა რეგულირდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სათადარიგო წევრთან ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ შემადგენლობის წევრი გახდება. 7. საექსპერტო კომისიის შემადგენლობა ფილმის პროექტს არ აფასებს იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ამ დებულების შესაბამისად სხვა შემადგენლობის კომპეტენციას განეკუთვნება. 8. ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ იქმნება საკონკურსო კომისიის შესაბამისი შემადგენლობები. მუხლი 2. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) 1. კონკურსებისათვის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) განსაზღვრის მიზნით ეროვნული კინოცენტრი ქმნის მონაცემთა ბაზას (შემდგომ – მონაცემთა ბაზა), არანაკლებ 30 წევრის შემადგენლობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირი ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს განაცხადს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული ფორმით. ეროვნული კინოცენტრი ასევე უფლებამოსილია, პირს შესთავაზოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. 2. მონაცემთა ბაზა ახლდება ყოველწლიურად. ბაზის განახლებული მონაცემები ქვეყნდება ყოველი წლის იანვარში და შემდგომ განახლებამდე რჩება უცვლელი. პირი, რომლის მონაცემთა ბაზაში დამატების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბაზის განახლებული მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მონაცემთა ბაზაში აისახება მომდევნო წელს. თუ მონაცემთა ბაზაში ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით წევრთა რაოდენობა 30-ზე ნაკლები გახდა, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მონაცემთა ბაზის შემადგენლობა ამ დებულებით დადგენილი წესით შეავსოს 30 წევრამდე. 3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი შეიძლება იყოს რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მსახიობი, ოპერატორი, კინოს მხატვარი, კომპოზიტორი ან კინოკრიტიკოსი, რომელსაც ამავე პროფესიაში გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და ეროვნული კინოცენტრის წინაშე ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ არ აქვს წარმოშობილი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის შეუსრულებელი ვალდებულებები. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 4. მონაცემთა ბაზის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით გამოსაცხადებელი კონკურსების საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობაში (ჟიური) სავალდებულო პროფესიების/სპეციალობების წარმომადგენლების არსებობის აუცილებლობა. 5. კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სავალდებულო პროფესია/სპეციალობა (მაგალითად, დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმების მიმართულებით ან/და ფილმის ქრონომეტრაჟის მიხედვით) საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრისათვის. 6. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) განისაზღვრება 5 წევრით და ასევე შეირჩევა 2 სათადარიგო წევრი. მუხლი 3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) შერჩევა 1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრების შერჩევის პროცესი საჯაროა და გადაიცემა მიმდინარე რეჟიმში (ლაივსტრიმით), ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შერჩევის პროცესი იწერება და ვიდეოჩანაწერის სახით ინახება დადგენილი წესით. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია ეროვნული კინოცენტრიდან გამოითხოვოს შერჩევის პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. 2. როგორც მიმდინარე რეჟიმში (ლაივსტრიმით) გადაცემისას, ისე პროცესის ამსახველ ჩანაწერში ხილული უნდა იყოს შერჩევის სრული პროცესი, რომელიც გულისხმობს მონაცემთა ბაზის ბეჭდვას, მის განცალკევებას მონაცემთა ბაზის წევრების მიხედვით, გამჭვირვალე ყუთში მოთავსებასა და კანდიდატების შერჩევას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები შეირჩევიან შემთხვევითობის პრინციპით, შესაბამისი კონკურსისათვის გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე 5 წევრის შევსებამდე, ხოლო შემდეგ შეირჩევა შესაბამისი კონკურსისათვის გათვალისწინებული სავალდებულო პროფესიის/სპეციალობის მქონე 2 სათადარიგო წევრი. 4. თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრთა რაოდენობა, ამ დებულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, სათადარიგო წევრებით შევსების შემდეგ, 5 წევრზე ნაკლებია, შერჩევის პროცესი იმართება განმეორებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, შემადგენლობის სრულად (5 წევრი) და სათადარიგო წევრების (2 წევრი) შევსებამდე. 5. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც აფორმებს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი. ოქმში აისახება საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) შერჩეული წევრების ნუსხა. 6. მონაცემთა ბაზიდან პირი შეიძლება ამოირიცხოს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული კინოცენტრის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში; გ) ამ დებულების შესაბამისად, საექსპერტო კომისიის წევრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში; დ) სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის პირის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრობას. 7. პირის მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. საექსპერტო კომისიის წევრი ვალდებულია, თავის საქმიანობაში არ დაუშვას ინტერესთა შეუთავსებლობა და მისი არსებობის შესახებ განაცხადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ან გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ, თუკი ინტერესთა შეუთავსებლობის საფუძვლის არსებობა მისთვის ცნობილი გახდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. 2. საექსპერტო კომისიის წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა სახეზეა, თუ: ა) ამავე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილია მისი, მისი ოჯახის წევრის ან/და ახლო ნათესავის პროექტი; ბ) აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ფილმის პროექტის პროდიუსერთან ან პროექტით გათვალისწინებული ფილმის ავტორთან; გ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი პირადი ინტერესი, რამაც საექსპერტო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ხოლო „ახლო ნათესავში“ იგულისხმება პირის „ოჯახის წევრი“, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ხაზის ნათესავი, და-ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები, ასევე, „ოჯახის წევრის“ „ახლო ნათესავი“. 4. საექსპერტო კომისიის წევრს კონკურსის ფარგლებში განსახილველი პროექტების მისთვის გაგზავნიდან ეძლევა 3 კალენდარული დღე ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევის გამოსავლენად. 5. ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად შეისწავლოს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი. 6. ეროვნული კინოცენტრის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენის შემთხვევაში, თუ პირმა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში არ განაცხადა თვითაცილების თაობაზე, ეროვნული კინოცენტრი შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შესახებ ატყობინებს კომისიის წევრს და იგი ითვლება აცილებულად საექსპერტო კომისიის შემადგენლობიდან. 7. იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო კომისიის წევრმა ამ დებულებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და დადგენილ ვადაში არ განაცხადა ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და ასეთი საფუძვლების არსებობა გამოვლინდა მხოლოდ მოგვიანებით, პირი ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან, აღარ ექნება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება ამორიცხვიდან 2 წლის განმავლობაში და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 8. თუ საექსპერტო კომისიის აცილებული წევრი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ ეთანხმება ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობას, იგი უფლებამოსილია გაასაჩივროს აცილების შესახებ ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან, შეტყობინების ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. თუ მესამე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გასაჩივრების ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით. 9. საჩივარს საექსპერტო კომისიის აცილების გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იხილავს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 3 კალენდარულ დღეში. თუ მესამე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით. 10. ინტერესთა შეუთავსებლობასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები აისახება საექსპერტო კომისიის წევრთან დადებულ ხელშეკრულებაში. 11. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიისათვის უზრუნველყოფს იმ სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტების გაცნობასა და განმარტებას, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში (მათ შორის, შეფასების კრიტერიუმები). 12. ეროვნული კინოცენტრი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ამზადებს სახელმძღვანელო დოკუმენტს, წერილობითი ან/და ჩანაწერის სახით, რომელიც უზრუნველყოფს საექსპერტო კომისიის წევრისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას კონკურსის ფარგლებში წარდგენილი პროექტის შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. მუხლი 5. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომა და შეფასების კრიტერიუმები 1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომა მოიწვევა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, საკონკურსო განაცხადების გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საკონკურსო განაცხადების მიღებისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვიდან ერთი თვისა. გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გაიმართოს კომისიის ერთი ან რამდენიმე სხდომა. კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ გადაწყვეტილება მიიღება პირველი სხდომის გამართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. 2. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრები მუშაობენ ინდივიდუალურად, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე. პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომაში მონაწილეობა დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 3. საექსპერტო კომისიის პირველ შემადგენლობას (ჟიურის) უფლება აქვს, შემაჯამებელ სხდომაზე, ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს კინოს სფეროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები (მაგალითად, ხმის რეჟისორი, მემონტაჟე და სხვა), ასევე, მწერალი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ჯამში არაუმეტეს სამი პირისა. 4. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომას ჰყავს მდივანი, რომელიც ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელია და პასუხისმგებელია სხდომის ოქმის შედგენაზე. 5. პირველ ეტაპზე, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება; ბ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება; გ) ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება; დ) ფილმის პროექტის პროდიუსერის, ავტორებისა და მონაწილეების (შემოქმედებითი ჯგუფი) მიერ შექმნილი ფილმების მიერ მიღებული ჯილდოები. მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ 1. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) თითოეული წევრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – „ვემხრობი დაფინანსებას“, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – „არ ვემხრობი დაფინანსებას“. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ არ გამოიყენება შეფასების ქულობრივი სისტემა. 2. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი ვალდებულია, დაასაბუთოს მისი თითოეული შეფასება. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრების დასაბუთებები სხდომის მდივნის მიერ წერილობითი სახით შეიტანება სხდომის ოქმში. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი უფლებამოსილია, ოქმს ასევე დაურთოს მის მიერ მომზადებული წერილობითი დასაბუთება. 3. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას ფილმის პროექტის/პროექტების მეორე ეტაპზე გადასვლის ან გადასვლაზე უარის შესახებ. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) ასევე უფლებამოსილია, „სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულებით“ განსაზღვრულ შემთხვევაში, დასკვნით გასცეს რეკომენდაცია სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ. 4. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა (ჟიური) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს წევრთა სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. 5. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს პირველი შემადგენლობის (ჟიურის) ყველა წევრი. წევრს არ აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. 6. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) სხდომის ოქმს ხელს აწერს ყველა წევრი და სხდომის მდივანი. 7. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სხდომის მდივანი ოქმზე აკეთებს შენიშვნას და მიუთითებს უარის მიზეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი 2 წლით ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. 8. კონკურსის მეორე ეტაპზე შეიძლება გადავიდეს კონკურსის გამოცხადების შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების ზღვრულ ოდენობაზე არანაკლებ 1,5-ჯერ მეტი და არაუმეტეს ორჯერ მეტი პროექტი. 9. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა, რომელიც ითვალისწინებს დადებით გადაწყვეტილებას პროექტის/პროექტების თაობაზე, ეგზავნება საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობას. 10. თუ საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა მის მიერ განხილულ ყველა პროექტზე ითვალისწინებს უარყოფით გადაწყვეტილებას, კონკურსი ითვლება დასრულებულად და დასკვნა ეგზავნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს. 11. საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნა სცენარის დახვეწის დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს. 12. კონკურსის მონაწილეს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ოფიციალურად, ელექტრონულად ან მატერიალური სახით, საკონკურსო განაცხადთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 7. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა 1. პროექტებს, რომელთან დაკავშირებითაც საექსპერტო კომისიის პირველმა შემადგენლობამ (ჟიურიმ) მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, განიხილავს საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა. 2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა იქმნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული თითოეული კონკურსისათვის. 3. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობაში შედის 4 წევრი, რომელთაგან 2 წევრი პროდიუსერია, ხოლო 2 წევრი – ეროვნული კინოცენტრის ფინანსისტი ან ფილმის წარმოების სპეციალისტი, ან ამავე პროფესიის/სპეციალობის მქონე მოწვეული პირი. 4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის იმავე კონკურსის საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) წევრი. 5. თუ საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე, მის ნაცვლად კომისიას დაემატება ახალი წევრი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. 6. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობას საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნასთან ერთად ეგზავნება ის საკონკურსო განაცხადები, რომელთან მიმართებით მიღებულია საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დადებითი გადაწყვეტილება. 7. კონკურსის ფარგლებში ფილმის პროექტის საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ განხილვის ეტაპზე არ ხდება წარდგენილი ფილმის პროექტის დაზუსტება და ხარვეზის გასწორება ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ამ ეტაპზე წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია მხედველობაში არ მიიღება და არ დაერთვება განსახილველი პროექტის მასალებს. მუხლი 8. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომა 1. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომებს იწვევს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გაიმართოს კომისიის ერთი ან რამდენიმე სხდომა. კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში. 3. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომა შეიძლება გაიმართოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა უფლებამოსილია, გაესაუბროს კონკურსის მონაწილეებს და დამატებით დაუსვას კითხვები. 5. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის სხდომის მდივნის ფუნქციას ასრულებს ეროვნული კინოცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი. მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ 1. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა ფილმის პროექტებს იხილავს შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.). ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას. 2. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს საექსპერტო კომისიის ყველა წევრი. გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა სულ მცირე 3 ხმა. 3. საექსპერტო კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პროექტის დაფინანსების შესახებ (დაფინანსების ოდენობის მითითებით); ბ) პროექტის დაფინანსებაზე უარის შესახებ. 4. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრებს არ აქვთ უფლება, თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღების ან სხდომის ოქმზე ხელის მოწერისაგან. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და სხდომის მდივანი. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრების დასაბუთებები სხდომის მდივნის მიერ წერილობითი სახით შეიტანება სხდომის ოქმში. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრი უფლებამოსილია ოქმს ასევე დაურთოს მის მიერ მომზადებული წერილობითი დასაბუთება. 5. ამ დებულების შესაბამისად, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის წევრის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე ან ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, სხდომის მდივანი ოქმზე აკეთებს შენიშვნას და მიუთითებს უარის მიზეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის პროდიუსერი წევრი 2 წლით ამოირიცხება მონაცემთა ბაზიდან და ამორიცხვის წელსა და მომდევნო წელს შეეზღუდება მონაწილეობის უფლება ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. პირის მონაცემთა ბაზიდან ამორიცხვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 6. საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობის დასკვნა საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობის (ჟიურის) დასკვნასთან ერთად წარედგინება ეროვნული კინოცენტრის დირექტორს. მუხლი 10. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია 1. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია იქმნება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული თითოეული კონკურსისათვის. 2. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში შედის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრი. კომისიის შემადგენლობაში შედის პროდიუსერი, მოწვეული დარგის სპეციალისტი და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი, რომელიც შესაბამისი დარგის სპეციალისტია. 3. ეროვნული ფილმის გაქირავების კონკურსის საექსპერტო კომისია დასკვნის სახით იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მხატვრული მხარისა და კომერციული წარმატების პერსპექტივის განხილვის საფუძველზე. მუხლი 11. დასკვნითი დებულებები ამ დებულების მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან |