საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის

ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2023 წლის 12 აგვისტოდან  2023 წლის პირველი  სექტემბრის 18:00 საათამდე.

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2023 წლის სექტემბრის თვეში.

განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

·        2022  წლის 1  დეკემბრიდან 2023  წლის 31  ოქტომბრამდე  7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
·        უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
·        შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები პირები.

დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხ. შემდეგ ბმულზე:  https://www.oscars.org/oscars/rules-eligibility

 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:
 
·        განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
·        ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
·        წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
·        ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2023  წლის 31 ოქტომბრამდე   ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვმართოთ ეროვნული კინოცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე info@gnfc.ge

ეროვნული კინოცენტრი გისურვებთ წარმატებებს!