განმარტებითი ბარათი
,,სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფილმწარმოების
კონკურსებში სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული,
სადებიუტო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების პროექტების
დაფინანსების, მონიტორინგისა და დასრულების ეტაპების აღწერილობის დამტკიცების
თაობაზე“ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021
წლის 18 თებერვლის N9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ბრძანების პროექტზე
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი)
დირექტორის 2021 წლის 18 თებერვლის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფილმწარმოების კონკურსებში
სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, სადებიუტო მხატვრული,
დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების პროექტების დაფინანსების, მონიტორინგისა და
დასრულების ეტაპების აღწერილობით (შემდგომში - აღწერილობა) განისაზღვრება
დასაფინანსებელი პროექტების დაფინანსებისა და განხორციელების ვადებთან
დაკავშირებული საკითხები. ცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმი წარმოებაში ეშვება
ცენტრსა და პროდიუსერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ფილმის დასრულების
ვადას და სხვა საკითხებს.
ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, ხელშეკრულების განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი
ნაწილია კალენდარული გეგმა, რაც განსაზღვრავს ფილმის წარმოების თითოეული ეტაპის
შესრულების და ფილმის დასრულების ვადას.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში ფილმის დასრულების ვადის
მუდმივად და სისტემატურად გადაწევასთან დაკავშირებულმა პრაქტიკამ გამოიწვია
მრავალი ფილმის წლობით დაუსრულებლობა. ეს გარემოება არა თუ ხელს უწყობს
ქართული კინემატოგრაფის განვითარებას, არამედ პირიქით - აფერხებს მას. შესაბამისად,
აუცილებელია განისაზღვროს ფილმის დასრულების ვადის გადაწევის დეტალური წესი
და შესაბამისი საფუძვლები.
იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის წარმოება საკმაოდ რთული პროცესია და მისი
დაგეგმვა ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია, ცვლილება შედის
აღნიშნულ აღწერილობაში და განისაზღვრება ფილმის დასრულების ვადის გადაწევის
პირობები, კერძოდ, აღწერილობას ემატება 10-1
პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს
ცენტრი უფლებამოსილია გააგრძელოს ფილმის დასრულების ვადა, პროდიუსერის,
რეჟისორის, მთავარი როლის შემსრულებლის ხანგრძლივი ავადმყოფობის (მინიმუმ 30
დღე), შემოქმედებითი ჯგუფის რომელიმე წევრის გარდაცვალების ან ისეთი გარემოების
დადგომის შემთხვევაში, რომელიც სცილდება მხარეთა კონტროლს. ფილმის დასრულების
ვადის გადაწევის მოთხოვნისას, პროდიუსერმა განცხადებასთან ერთად უნდა
წარმოადგინოს შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები. ფილმის
დასრულების ვადის გადაწევის მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული.
ამასთან, ვადის გადაწევა შესაძლებელია ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო
დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში ასევე ერთჯერადად, არაუმეტეს 9 თვის ვადით.
ასევე, ცვლილება შედის აღნიშნული აღწერილობის მე-9 პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს
ძირითადი საშუალებების შეძენის დაფინანსების საკითხს. არსებული ჩანაწერი
ბუნდოვანია და ქმნის პრობლემას ფილმის წარმოების პროცესში მყარი დისკებისა და
რეკვიზიტების შეძენისას. "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების
თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 05 აპრილის N99 ბრძანებით
დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ შესაბამისად, „ძირითადი
აქტივები არის წარმოებული აქტივები, რომლებიც ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში
მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება წარმოების ან მომსახურების პროცესში და
რომელთა ღირებულებაც შეადგენს 500 ლარს და მეტს. გამომდინარე იქიდან, რომ მყარი
დისკი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალჯერადად და მისი ღირებულებაც შეიძლება
აღემატებოდეს 500 ლარს, მიზანშეწონილია, აღნიშნული ცვლილებით, დაზუსტდეს მყარი
დისკის დაფინანსების წესი.
მყარი დისკი არის ფილმის, როგორც არამატერიალური აქტივის მატარებელი, რომელიც
აუცილებელია ფილმის გადასაღებად, შესანახად და არის მისი განუყოფელი ნაწილი,
პირდაპირი დანახარჯი აქტივის თვითღირებულების შეფასებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ
მისი ღირებულება შედის ფილმის თვითღირებულებაში და ცალკე ძირითად აქტივად არ
აღიარდება. შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ აღწერილობაში შევიდეს ცვლილება და
განისაზღვროს, რომ მყარი დისკი, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე ნაკლებია, შეიძლება
დაფინანსდეს და იგი არ ჩაითვლება ძირითად საშუალებად. ასევე, ბრძანებით ზუსტდება,
რომ ფილმის რეკვიზიტის დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს იმავე გზით, როგორც
მყარი დისკის შემთხვევაში. აღნიშნული ჩანაწერი არ ეწინააღმდეგება "საქართველოს
საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის
2019 წლის 05 აპრილის N99 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო
კლასიფიკაციით“ განსაზღვრულ რეგულირებას.
ბრძანების გადმოწერა