ნანა მჭედლიძის ფილმ პირველი მერცხალის ჩვენება ფოთში

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 17 სექტემბერს, 19:30 საათზე, ქალაქ ფოთში (მისამართი: სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ტერიტორია, ღია ცის ქვეშ) გაიმართა ნანა მჭედლიძის ფილმის ჩვენება სახელწოდებით „პირველი მერცხალი“.

ფილმის აღდგენა დასრულდა ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით 2022 წელს და იგი აუდიტორიამ პირველად რამდენიმე თვის წინ თბილისში, „60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის“ ფარგლებში იხილა.

„პირველი მერცხალი“ ერთ-ერთი გამორჩეული და მაყურებლისთვის საყვარელი ფილმია ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავების მონაწილეობით. იგი ნანა მჭედლიძემ ფოთში 1975 წელს გადაიღო ლევან ჭელიძის სცენარის მიხედვით, რომლის შექმნაშიც თავად რეჟისორიც მონაწილეობდა. ნანა მჭედლიძისა და ლევან ჭელიძის შვილები ფოთში ფილმის ჩვენებას დაესწრებიან. მათთან ერთად იქნებიან მსახიობები მიხეილ კინწურაშვილი და ზურაბ შილაკაძე. ისინი ფილმში ღუტფიუსა და ჯემალის როლებს ასრულებენ.

ამბავი საქართველოში ფეხბურთის პირველი გუნდის შექმნის, გუნდის წევრების მეგობრობის, თავგანწირვის, წარმატებისა და მარცხის შესახებ დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ "პირველი მერცხალის" აღდგენილ ვერსიას ესპანეთშიც ნახავენ. 24 სექტემბერს, სექციაში Klasikoak ფილმი წარმოდგენილი იქნება სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
 

---------------------------------------------

კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, რუსეთის ფილმსაცავ "გოსფილმოფონდიდან" სამშობლოს ეტაპობრივად უბრუნდება ქართული ფილმების საწყის მასალებს. ამ ეტაპზე ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.