27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი წარმოგიდგენთ რეტროსპექტივას "60-იანი წლების ქართული კინო". აღსანიშნავია, რომ ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახანს დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
კინოჩვენებები გაიმართება ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.
პროგრამას 27 მაისს, 19:00 საათზე გახსნის თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის "მაგდანას ლურჯა". რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელი იხილავს შემდეგ ქართულ ფილმებს: ლანა ღოღობერიძის "ფერისცვალება", ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას "თეთრი ქარავანი", ოთარ იოსელიანის "გიორგობისთვე", გიორგი შენგელაიას "ალავერდობა" და "ფიროსმანი", ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქრონიკა“, ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალი", ელდარ შენგელაიას "შერეკილები", მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი, მწვანე ველი" და რეზო ესაძის "ერთი ნახვით შეყვარება". რეტროსპექტივას დახურავს თენგიზ აბულაძის გახმაურებული ფილმი "მონანიება".
კინოჩვენებების გარდა, პროექტის ფარგლებში გაიმართება 2 საჯარო ლექცია. 60-იანელების ქართულ კინოზე ისაუბრებს ნინო მხეიძე, ხოლო 60-იანი წლების საბჭოთა საქართველოზე - ალექსანდრე დაუშვილი.
კინოჩვენებებისა და საჯარო ლექციების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ
აქ.კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდ”-იდან ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით.