კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (Marche du Film) ეროვნული კინოცენტრი მეთხუთმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი.
კინოცენტრი ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებს კინოაგენტებთან, დისტრიბუტორებთან და ისეთი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან როგორებიცაა: ლოკარნოს, სანდენსის, ბერლინის, თესალონიკის, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალები.
წელს, ქართველი კინემატოგრაფისტები წარმოდგენილნი არიან შემდეგ ინდუსტრულ ღონისძიებებზე:
ლევან კოღუაშვილის ფილმის პროექტი „გურია“ შერჩეულია კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პლატფორმაზე „ატელიე“. 2005 წლიდან მოყოლებული, „ატელიე“ ყოველ წელს იწვევს 15 რეჟისორს და ეხმარება მათ პროექტების რეალიზებაში.
ქეთი დანელია მონაწილეობს EFP-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში Producers on the Move, რომელიც იმართება კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 20 ქვეყნიდან ახალგაზრდა პროდიუსერების შერჩევას და მათ პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამის დახმარებით.
თეიმურაზ ჩხვიმიანი წარადგენს ფილმის პროექტს "ქვა" (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი) კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებაში Producers Network. აღნიშნული პროგრამა დაარსებულია 16 წლის წინ და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტ პროდიუსერს მასპინძლობს.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, „შემოქმედებითი ევროპის“ სტენდზე (Medea-Stand.eu) მოხდება ეროვნული კინოცენტრის ახალი კინოსაგანმანათლებლო პორტალის წარდგენა სახელწოდებით "ისტორია-კინო-ისტორია", რომელიც წარმოადგენს ონლაინ რესურსს მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიისა და კინოს ისტორიის სწავლებისთვის. კინოცენტრი პროექტს ახორციელებს უცხოელ პარტნიორებთან ერთად "შემოქმედებით ევროპის" ფინანსური მხარდაჭერით.
„შემოქმედებითი ევროპის“ სტენდზე (Medea-Stand.eu) გაიმართება შეხვედრები კინოგანათლების მიმართულების სხვა ბენეფიციარებთან და პროექტის პარტნიოორებთან, რათა მოხდეს პორტალის გავრცელების ერთიანი სტარატეგიის შემუშავება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.